პროგრამის მიმოხილვა

კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.

 

პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაზო სასწავლო კურსებთან ერთად წარმოდგენილია ბიზნესის მართვის საინტერესო სასწავლო კურსები.

 

მიღებული მრავალმხრივი ცოდნის შედეგად სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა არამარტო სწორად და ეფექტურად შექმნან კლიენტი ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი პროდუქტი, არამედ თვითონვე გააკეთონ საინტერესო შეთავაზებები კლიენტის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროგრამაში წარმოდგენილი ზოგადი განათლების სასწავლო კურსები ემსახურება  სტუდენტების ინტელექტის ამაღლებასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ყოველივე ზემოთხსენებული კი საბოლოოდ განაპირობებს სტუდენტების კარგ მომზადებას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის.

 

პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომი, წარმატების უზრუნველყოფის მიზნით ნაშრომის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.

 

საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგენს სტუდენტების განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საბოლოო და კომბინირებულ საშუალებას, რაც ნაკლებად შესაძლებელია ჩვეულებრივ სალექციო გარემოში. ასეთი უნარ-ჩვევების სიაში შეიძლება შედიოდეს: ჯგუფში მუშაობის უნარი და გამოცდილება, მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, პრობლემის განსაზღვრა, პროდუქტის შექმნაზე მუშაობა და პრეზენტაციების გაკეთება. საბაკალავრო ნაშრომის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ იგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის დამთავრებამდე შექმნან რეალური პროდუქტი რეალური კომპანიებისათვის და ამით ადრევე ჩამოაყალიბონ ურთიერთობა მომავალ დამქირავებლებთან ან/და კლიენტებთან.

 

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის  დახმარებით.