Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერი, თამთა გაბისონია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინა კაპანაძე და ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულის პროგრამაში.
აღნიშნული კვირეული მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკების განხილვას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეღრმავებინათ ცოდნა Erasmus+ მობილობის, საერთაშორისო და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური პროგრამა, რომელიც დაიწყო მონაწილეთა რეგისტრაციით, მისალმებითა და მასპინძელი უნივერსიტეტის პრეზენტაციით. შემდგომ დღეებში გაიმართა თემატური სესიები, სამუშაო შეხვედრები და ჯგუფური დისკუსიები, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო მობილობის განვითარება, სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა, პარტნიორული ქსელების გაფართოება და Erasmus+ პროგრამის სამომავლო პერსპექტივები.
კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებასა და ინტერაქტიულ მუშაობას - მონაწილეები ჩართული იყვნენ ვორქშოფებში, პრეზენტაციებსა და სესიებში, რაც ხელს უწყობდა ახალი იდეებისა და ერთობლივი პროექტების ჩამოყალიბებას. პროგრამა ასევე მოიცავდა კულტურულ აქტივობებსა და ქალაქის გაცნობას, რაც საერთაშორისო გარემოში არაფორმალური კომუნიკაციისა და ქსელური კავშირების გაძლიერებას ემსახურებოდა.
პროგრამა დასრულდა შემაჯამებელი სესიით, სადაც მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მსგავსი ტიპის მობილობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში, ცოდნის გაცვლასა და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ინტეგრაციაში.
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში კიდევ ერთი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერების მიმართულებით.
