კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი თორნიკე გოგალაძე პროექტით „ენა გვაერთიანებს“ გამარჯვებული გახდა

19 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე გოგალაძე აკაკი ბაქრაძის საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამის „დათვალიერება კმარა?“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

 

პროგრამის ფარგლებში თორნიკე გოგალაძემ წარადგინა პროექტი „ენა გვაერთიანებს“, რომელიც ტაო-კლარჯეთში ქართული ენის სწავლებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას, ენობრივი და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და მდგრადი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

 

საგანმანათლებლო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი მოიცავდა ტაო-კლარჯეთის ხუთდღიან ექსპედიციას, რომელიც 2026 წლის 23-27 ივლისს გაიმართა, ხოლო მეორე ეტაპი სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტების წარდგენასა და გამარჯვებულების გამოვლენას დაეთმო.

 

ექსპედიციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები თორნიკე გოგალაძე და ანი თათარაშვილი.

 

პროგრამის მიზანი იყო, მონაწილეებს არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, არამედ სიღრმისეულად გაეაზრებინათ მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა, გაცნობოდნენ მემკვიდრეობის დაცვის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ემსჯელათ მისი შენარჩუნების შესაძლო გზებზე.