საგანმანათლებლო საფეხური – საბაკალავრო
მისანიჭებელი ხარისხი – ინჟინერიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS
მომიჯნავე სპეციალობა – ინფორმაციული ტექნოლოგიები
დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები
პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი
რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნები.
პროგრამა ითვალისწინებს 2 მიმართულებას/კონცეტრაციას - კომპიუტერული ინჟინერია და ტელეკომუნიკაცია. პროგრამაში გათვალისწინებული საბაზისო საგნები მათემატიკაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ფიზიკასა და ელექტრონიკაში იძლევა მყარ საფუძველს სპეციალიზაციის საგნების ათვისებისთვის. მიმართულების არჩევა ხდება III კურსიდან. ამასთანავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი საუნივერსიტეტო და მენეჯერული მეცნიერების საგნები ხელს უწყობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას.
უცხო ენა
პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს ღრმად შეისწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პროგრამაში გათვალისწინებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი.
საბაკალავრო ნაშრომი
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროდუქტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.
საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგენს სტუდენტების განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საბოლოო და კომბინირებულ საშუალებას, რაც ნაკლებად შესაძლებელია ჩვეულებრივ სალექციო გარემოში. ასეთი უნარ-ჩვევების სიაში შეიძლება შედიოდეს: ჯგუფში მუშაობის უნარი და გამოცდილება, მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება, პრობლემის განსაზღვრა, პროდუქტის შექმნაზე მუშაობა და პრეზენტაციების გაკეთება. საბაკალავრო ნაშრომის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ იგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის დამთავრებამდე შექმნან რეალური პროდუქტი რეალური კომპანიებისათვის და ამით ადრევე ჩამოაყალიბონ ურთიერთობა მომავალ დამქირავებლებთან ან/და კლიენტებთან.
პროფესიული კარიერა:
სტაჟირება და დასაქმება
პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის დახმარებით.
პროფესიული შესაძლებლობები
ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ საკმაოდ ფართო დასაქმების პერსპექტივები, კერძოდ კი შესაძლებლობა დასაქმდნენ IT ტექნოლოგიების მიმართულების დეველოპერულ კომპანიებში, კომპიუტერული ქსელების/ინტერნეტის, მობილური და სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში, ICT (Information and Communications Technology) სისტემებში, მიკროსქემებისა და ავტომატიზებული სისტემების მწარმოებელ კომპანიებში.