ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ შეხვედრები ლისაბონში, პორტუგალია

22 ნოემბერი 2022

ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ შეხვედრები ლისაბონში, პორტუგალია

 

 

 

14-19 ნოემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში, პროექტის ქართველ პარტნიორებს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

14 ნოემბერს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრა გახსნა და ქართველ წარმომადგენლებს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა - ჟუან სააგუმ.  კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის ლეჟავა.

 

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროექტის კოორდინატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული სხვა ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

ნოვას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა, ისაბელ როშამ და ჟუან ამარო დე მატოსმა, ქართველ პარტნიორებს  გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია როგორც ნოვას უნივერსიტეტის მესამე მისიისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნებისა და აქტივობების შესახებ, აგრეთვე ნოვას უნივერსიტეტის ინოვაციების კვლევისა და ზემოქმედების სტრატეგიის ოფისისა (IRIS) და ჰადადის მეწარმეობის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

ვიზიტის ფარგლებში, პროექტის ქართველი პარტნიორები ასევე გაეცნენ ნოვას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტში მოქმედ ინოვაციურ სერვისებს, ეწვივნენ უნივერსიტეტში არსებულ ლაბორატორიებსა და ნოვას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტს (NOVA IAT).

 

შეხვედრებზე განხილულ იქნა ნოვას უნივერსიტეტში არსებული ინოვაციების ეკოსისტემა და არსებული მიღწევები, გამოწვევები, და პორტუგალიელი პარტნიორების სამომავლო ხედვები ამ მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები და ევროპელ პარტნიორთა გამოცდილების გაზიარება თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტში სამეწარმეო განათლების, ინოვაციური ეკოსისტემისა და ინოვაციური პოტენციალის განვითარებას.