პროექტის შესახებ

 

 

პროგრამა “მომავალის მასწავლებლები“

 

პროგრამა “მომავალის მასწავლებლები“ (Teachers of Tomorrow (TOT)), რომელსაც ორგანიზაცია „PH International“ ახორციელებს, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას ისეთი ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, როგორიცაა გაცვლითი სასწავლო ტური აშშ-ში, ამერიკელი სპეციალისტების მიერ წარმართული ვებინარების სერია, მცირე გრანტები პროგრამის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებისთვის და ამერიკელი ექსპერტების ხელმძღვანელობით ქართველი სპეციალისტებისათვის გამართული სამუშაო შეხვედრები პირისპირ ფორმატში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სამ წამყვან უნივერსიტეტთან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი) პარტნიორობით.

 

პროგრამის ძირითადი ამოცანებია:

 

  • საქართველოში მასწავლებელთა მომზადება-განათლებაზე პასუხისმგებელი აკადემიური პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და მათთვის პრაქტიკული სტრატეგიების მიწოდება სასწავლო პრაქტიკაში და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსში საჭირო ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკუმის გაუმჯობესება მომავალი მასწავლებლების უკეთ მოსამზადებლად;
  • უნივერსიტეტების აკადემიეურ პერსონალს შორის მჭიდრო კავშირებისა ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა ერთობლივი ძალისხმევის მობილიზებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით.

 

 

პროგრამა „მომავალის მასწავლებლები“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

  1. საჭიროებების კვლევა: ყოვლისმომცველი ანალიზი, რომელსაც უძღვება პროგრამის გუნდი სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროებების გამოსავლენად. საჭიროებების შეფასების შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება და განხორცილდება პროგრამის ყველა ძირითადი აქტივობა მომდევნო 18 თვის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მაქსიმალურ მორგებას მასწავლებელთა განათლების მიმართულებით საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე და საჭიროებებზე.
  2. სასწავლო ტური აშშ-ში: მოცემული კომპონენტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ დანომინირებული განათლების ფაკულტეტის/სკოლის სპეციალისტები გაემგზავრებიან ა.შ.შ-ში, კერძოდ ბოსტონში, ვერმონტსა და ნიუ-იორკში, სადაც ეწვევიან წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებს, დაესწრებიან სემინარებს, ჩაერთვებიან დისკუსიებში, შეხვდებიან პრაქტიკული სწავლების კოორდინატორებს, მენტორ-მასწავლებლებს, და დააკვირდებიან საკლასო სწავლების პრაქტიკუმებს.
  3. ამერიკელი სპეციალისტების მიერ გამართული ვებინარები: სასწავლო ტურის შემდეგ, ამერიკელი სპეციალისტები ვებინარების სერიას გამართავენ უფრო ფართო აუდიტორიისთვის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. აღნიშნული ვებინარები გამოეხმაურება საჭიროებების შეფასების ეტაპზე გამოვლენილი თემების ფართო სპექტრს და ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ფაკულტეტისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ვებინარების სერიის შესაძლო თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორციაა კურიკულუმის შემუშავება, საგანმამათლებლო პროცესის ხელმძღვანელობა, სწავლების ინოვაციურ მეთოდები და ა.შ.
  1. მცირე გრანტები პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის: სასწავლო ტურისა და ვებინარების საშუალებით გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ მცირე გრანტების სახით. აღნიშნული გრანტების საშუალებით უნივერსიტეტები მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში ინოვაციურ მიდგომებს დანერგავენ, რაც შესაძლოა მოიცავდეს ისეთ აქტივობებს როგორიცაა, მასწავლებელთა ასოციაციების შექმნა, სასწავლო ლაბორატორიების ჩამოყალიბება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება და ა.შ.
  2. პარტნიორი უნივერსიტეტების დისტანციური მხარდაჭერა: ამერიკელი ექსპერტები პარტნიორ უნივერსიტეტებთან დისტანციურად ითანამშრომლებენ და ხელს შეუწყობენ არსებული სასწავლო გეგმების დახვეწასა და ახლების შემუშავებას. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება სასწავლო ტურისა და ვებინარების სერიის შემდეგ, როცა ამერიკელ ექსპერტებს უკვე ხელშესახები ინფორმაცია ექნებათ საქართველოში ამ კუთხით არსებულ რეალობაზე და შესაბამისად, უკეთ შეძლებენ გამოვლენილ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის აღმოჩენას.
  3. მასწავლებლის მომზადების პროგრამების განახლებული სასწავლო გეგმების პილოტირება: პროგრამის პარტნიორი სამივე უნივერსიტეტი ამერიკელი ექსპერტების მხარდაჭერით განახორციელებს პროგრამის ფარგლებში განახლებული ან ახლადშემუშავებული სასწავლო გეგმების პილოტირებასა და დანერგვას თავიანთი უნივერსიტეტების ბაზაზე. პილოტირება მნიშვნელოვანი ეტაპია სასწავლო გეგმების დასახვეწად და უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის ეფექტიანობასა და არსებულ საჭირობებზე მაქსიმალურ მორგებას.
  4. ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში: პროგრამის დასკვნითი ეტაპი მოიცავს ამერიკელი ექსპერტების ვიზიტს საქართველოში. სტუმრები დააკვირდებიან სამ პარტნიორ უნივერსიტეტში განხორციელებულ ცვლილებებს და გასცემენ უკუკავშირს და რეკომენდაციებს მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო გეგმების ეფექტიან ინტეგრირებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში. ამასთან ერთად, აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს ქართულ აკადემიურ საზოგადოებასთან უფრო ფართო ჩართულობისა და ურთიერთქმედების შესაძლებლობას საქართველოში სტუმრობის განმავლობაში, განათლების ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის და უნივერსიტეტების სხვა პარტნიორებისთვის ორგანიზებული სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების მეშვეობით.

 

ამ კომპონენტების განხორციელებისა და ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების გზით, პროგრამა „მომავლის მასწავლებლები“იღწვის შექმნას ძლიერი და მდგრადი საფუძველი საქართველოში მასწავლებელთა განათლების გასაუმჯობესებლად.