1-ელ ოქტომბერს, 13:00 საათზე, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლაში, სამხრეთ კავკასიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროექტის (PROVE) ფარგლებში გაიმართება სათემო აქტივობა (Community Action) თემაზე - „ინტერკულტურული ურთიერთობების გაძლიერება მაღალმთიან და მულტიკულტურულ სოფლის სკოლებში“.
სათემო აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანისა და სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ მაღალმთიან და მულტიკულტურულ სოფლის სკოლებში ინტერკულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. აქტივობა ხელს შეუწყობს განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების უკეთ გაცნობას, არსებული სტერეოტიპების გააზრებასა და შემცირებას, ასევე ურთიერთპატივისცემისა და მიმღებლობის გაძლიერებას.
მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ აქტივობებსა და ჯგუფურ მუშაობაში, რომლებიც ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, ასევე მშვიდობიანი და ინკლუზიური სასკოლო გარემოს შექმნას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სკოლის/თემის საერთო სივრცეში მოაწყობენ მულტიკულტურულ კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ამსახველი ნივთები და არტეფაქტები, საინფორმაციო ბარათები და მშვიდობის გზავნილები.
აქტივობას ფასილიტაციას გაუწევენ პროექტში ჩართული კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები და მენტორები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: kvasadze@cu.edu.ge
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი „Erasmus+“-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე და ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE — Values and Knowledge Education) მიდგომას.
პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობით. VaKE არის ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.
