ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და კავკასიის ტურიზმის სკოლას შორის

25 ივნისი 2020

25 ივნისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი. მემორანდუმი თანამშრომლობას ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამაზე ითვალისწინებს და მისი მიზანია ტურიზმის სკოლის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს საქართველოს კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით. მემორანდუმის ფარგლებში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სოლიმარი“ კავკასიის უნივერსიტეტს დაეხმარება გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო აკრედიტაციის TedQual მოპოვებაში. მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ტურიზმის სკოლა პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი ტურიზმის პროგრამებზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს, გაზრდის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და პროგრამის საერთაშორისო ცნობადობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის ტურიზმის სკოლა იწყებს თანამშრომლობას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტთან.

 

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობა ასევე მოიცავს:

 

  • Ted Qual-ის აკრედიტაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე
  • ამერიკის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მართვის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას
  • სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის შემუშავებას

 

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა 2012 წელს დაფუძნდა და მსურველებს სთავაზობს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას. სკოლის მიზანია მოამზადოს მენეჯერები ტურიზმის სფეროში. სწავლების მეთოდი მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკასა და სასწავლო ტურების განხორციელებას.

 

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ  $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

 

.