28 მაისს, 14 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება ბრუკლინის კოლეჯის (აშშ) პროფესორის ქეიტ როუზ ჰეჯთმანეკის საჯარო ლექცია თემაზე - „კულტურა და კეთილდღეობა: გამოცდილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებიდან, სპორტდარბაზებიდან და მის მიღმა“.
წინამდებარე ლექცია განიხილავს კულტურასა და კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირს და ეფუძნება ავტორის კვლევებს. კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები, ფიზიკური მომზადებისა და სპორტული აქტივობების პრაქტიკები სპორტდარბაზის რეგულარულ მომხმარებლებს შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების გავლენა ჯანმრთელობაზე, აგრეთვე ის, თუ როგორ შეიძლება ქალის სხეულში მცირე მოლეკულურმა ცვლილებებმა ათწლეულის განმავლობაში განსაზღვროს მისი შემდგომი ცხოვრება. ეს ლექცია კეთილდღეობას ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განიხილავს.
ლექციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაირონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
ლექტორის შესახებ: ქეიტ როუზ ჰეჯთმანეკი არის ფილოსოფიის დოქტორი და ანთროპოლოგიის სრული პროფესორი ბრუკლინის კოლეჯში. იგი ამჟამად საქართველოში იმყოფება, ფულბრაიტის მკვლევართა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს თვითგარდაქმნის პროცესებს კულტურულ კონტექსტში, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში, სავარჯიშო სივრცეებსა და ძალოსნური სპორტის გაერთიანებებში. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი აკადემიური და შემეცნებითი-პოპულარული ხასიათის ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებულ არაერთ სატელევიზიო გადაცემასა და პოდკასტში. მისი ბოლო, უახლესი წიგნი, 2025 წელს გამოვიდა სახელწოდებით -The Cult of CrossFit: Christianity and the American Fitness Phenomenon (კროსფიტის კულტი: ქრისტიანობა და ამერიკული ფიტნესფენომენი). ქეიტ ჰეჯთმანეკი ასევე არის მსოფლიო და ეროვნული ჩემპიონი ძალოსნობაში. საქართველოში ყოფნის პერიოდში სწავლობს ჯიუ-ჯიცუს.
