10 დეკემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია - „დევიდ მარშალ ლანგის ქართველოლოგიური მოღვაწეობა“.
ლექციას წაიკითხავს სვეტა ბარბაქაძე - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ქალბატონი სვეტა აქტიურად მონაწილეობს და წარმოადგენს კვლევებს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე.
ლექცია ეძღვნება ბრიტანელი ქართველოლოგის დევიდ მარშალ ლანგის მიერ 1956 წელს გამოცემული კრებულის “Lives and Legends of the Georgian Saints” მრავალმხრივ განხილვას. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ლანგის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი ათი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შედარებითი ანალიზი.
ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება ლანგის თარგმანების ენობრივი, მხატვრული და სტრუქტურული თავისებურებები და მათი შესაბამისობა ორიგინალ ტექსტებთან. წარმოდგენილი ანალიზი ასახავს ინგლისურ ქართველოლოგიაში ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის შესწავლის ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და საშუალებას აძლევს მსმენელს უკეთ შეისწავლოს, თუ როგორ იქცა დევიდ მარშალ ლანგის კრებული ქართული კულტურის დასავლური აღქმისა და კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ.
ლექცია სტუდენტებს და დაინტერესებულ მსმენელს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ ლანგის თარგმანის ენობრივ და სტილისტურ თავისებურებებში.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
