16-18 ივნისს, PRODIGE პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ უმასპინძლა ტრენინგს „სასწავლო პროცესი: ციფრული პედაგოგიკის ადაპტაცია დისტანციური განათლებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა გიორგი სალუქვაძემ, ვლადიმერ სვანაძემ და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ.
ტრენინგის მიზანი იყო აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა ისეთ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებში, რომლებიც აუცილებელია სწავლების პროცესის ციფრულ გარემოზე მორგებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ტრადიციული აუდიტორიული სწავლების მეთოდებსა და ციფრულ პედაგოგიკას შორის განსხვავებები, ისწავლეს როგორ შეიქმნას ინტერაქტიული ონლაინ სასწავლო გამოცდილებები და როგორ მოხდეს თეორიისა და პრაქტიკის ეფექტიანი ინტეგრირება ონლაინ სწავლებაში.
ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა სწავლების ისეთი სტრატეგიების განვითარებაზე, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სასწავლო დონის სპეციფიკას, უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, თანამშრომლობასა და მონაწილეობით სწავლებას, აგრეთვე ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პრინციპების ინტეგრაციას ციფრული სწავლების გეგმებში.
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ონლაინ საზოგადოების შექმნა: მონაწილეობითი ტექნიკები, რომლებიც მუშაობს“, რომელშიც წარმოდგენილი იყო სტუდენტთა ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობის პრაქტიკული მიდგომები. გარდა ამისა, უნივერსიტეტის გუნდმა წარმოადგინა ციფრული პედაგოგიკის პრინციპები ონლაინ ლექციების დემონსტრირების გზით, რითაც გამოიკვეთა, თუ როგორ ხდება პედაგოგიური კონცეფციების ეფექტიანი გამოყენება ციფრულ სასწავლო პროცესში.
მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში ხელს უწყობს კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგიური ინოვაციების გაძლიერებას და ემსახურება PRODIGE პროექტის ფართო მიზანს — საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ზრდას.
