საქართველო და გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობა

6 მაისი 2026

ერასმუს+ ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS), ტრადიციულად, უერთდება  ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

 

2026 წლის 4 მაისს, კათედრამ უმასპინძლა მარიამ ზივზივაძეს, ECONSUL-ის გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თემა სცდება  მხოლოდ ადმინისტრაციულ ჩარჩოებს და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ გადაადგილების თავისუფლება პირდაპირ აისახება მოქალაქეთა კეთილდღეობაზე - ზრდის განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს პროცესები კი საბოლოოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიგრაციის მართვაზე, შრომითი მობილობის რეგულირებაზე, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა იმასაც, რომ გადაადგილების თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება უსაფრთხოებას - ეფექტიანი მიგრაციული პოლიტიკა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ამცირებს რისკებს და ზრდის საერთაშორისო ნდობას. სპიკერის თქმით, ეს პროცესები სრულად ეფუძნება ევროკავშირის ფასეულობებს - ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობასა და თავისუფლებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალურ კეთილდღეობას, ისე საზოგადოების სტაბილურ განვითარებას.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.