RE-DIRECTION-ის პროექტი დასრულდა: მიღწეული შედეგები და მათი გრძელვადიანი გავლენა

25 ნოემბერი 2026

Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building in Higher Education) პროექტი RE-DIRECTION - Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations - წარმატებით დასრულდა. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში და უკრაინაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.

 

პროექტი, სამი წლის განმავლობაში - 2023 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე ხორციელდებოდა და მასში საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის 16 პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და განათლების სფეროს ეროვნული უწყებები მონაწილეობდა. პროექტს გერმანიის კარლშოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი (Karlshochschule International University) კოორდინირებდა.

 

RE-DIRECTION-ის მიზანს უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტი ორიენტირებული იყო აკადემიურ პროგრამებში ციფრული, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურობის მიმართულებით კომპეტენციების ინტეგრირებაზე, ასევე დისტანციური და შერეული სწავლების მდგრადი მიდგომების განვითარებაზე.

 

პროექტის ძირითადი მიღწევები და შედეგები:

 

განხორციელების პერიოდში RE-DIRECTION-ის კონსორციუმმა არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, რაც მონაწილე ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში:

 

  • განახლდა 13 სასწავლო პროგრამა, რომლებშიც ინტეგრირდა ციფრული, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციები;
  • შემუშავდა 9 ახალი სასწავლო კურსი, რომლებიც ღია საგანმანათლებლო რესურსების (Open Educational Resources - OER) სახით, ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზეა ხელმისაწვდომი;
  • შემუშავდა 29 პოლიტიკის რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ინკლუზიური და მდგრადი დისტანციური და შერეული სწავლების ხელშეწყობის მიზნით;
  • მომზადდა ინკლუზიური სწავლების გზამკვლევი, რომელიც 20 პრაქტიკულ ინსტრუმენტს აერთიანებს;
  • უნივერსიტეტის პედაგოგებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარდა ხუთი ტრენინგი.

 

პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოსცადა, რომელთა თითქმის 95%-მა დადებითად შეაფასა მიღებული გამოცდილება. კურსები მობილურ მოწყობილობებზე წვდომისა და არასტაბილური ინტერნეტკავშირის პირობებშიც ფუნქციონირების გათვალისწინებით შეიქმნა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც დისტანციურ ან კრიზისით დაზარალებულ რეგიონებში საქმიანობენ.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე განათლების სფეროში პოლიტიკის შემმუშავებელ უწყებებთან თანამშრომლობა იყო. კონსორციუმმა საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროებთან ერთად შეიმუშავა 29 რეკომენდაცია, რომლებიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა საგანგებო ვითარებაში და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება. რეკომენდაციები პროექტის პარტნიორებისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავდა და ერთობლივად იქნა განხილული და შეთანხმებული.

 

პროექტ RE-DIRECTION-ის დასრულება არ ნიშნავს მის ფარგლებში დაწყებული საქმიანობის შეწყვეტას. პირიქით, მიღწეული შედეგები ქმნის საფუძველს მათი შემდგომი გამოყენებისა და განვითარებისათვის, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ისე უფრო ფართო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

შემუშავებული სასწავლო რესურსები, განახლებული აკადემიური პროგრამები და მეთოდოლოგიური მასალები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს, პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძონ სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მიდგომების დანერგვა და გააძლიერონ ციფრული, მდგრადი და ინკლუზიური განათლების პრაქტიკა.

 

მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში შექმნილი ღია საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობაც, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების გამოყენებასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას. აღნიშნული რესურსები კვლავ ხელმისაწვდომია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის: https://re-direction.org/ 

 

ასევე, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგრადი შედეგია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაც. ერთობლივად შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები ქმნის საფუძველს შემდგომი დიალოგისა და ციფრული უმაღლესი განათლების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დასაგეგმად.

 

პროექტ RE-DIRECTION-ში მონაწილეობამ ხელი შეუწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებასა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.