ტრენინგი: ციფრული განათლების ხარისხი

10 აპრილი 2025

22 აპრილიდან 7 მაისის პერიოდში, PRODIGE პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამი წარმომადგენელი სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი დიანა მჭედლიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი მარიამ მენაბდე მონაწილეობას იღებდნენ ტრენინგში „ციფრული განათლების ხარისხი“.

 

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების ცოდნის გაღრმავება ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების შესახებ ევროპულ, ეროვნულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე, ესტონეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც მოდელზე. პროგრამამ წარმოადგინა ციფრულად გაუმჯობესებული უმაღლესი განათლების ხარისხის კრიტერიუმები პროგრამულ დონეზე და მონაწილეებს მისცა ინსტრუმენტები ონლაინ და შერეული სწავლების კურსების ანალიზისთვის ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

 

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს ციფრული კურსების ძლიერი მხარეები და განვითარების პოტენციური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ეფექტიანი ციფრული სასწავლო გარემოს შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის სტრატეგიების, პოლიტიკისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერის მნიშვნელობას ციფრული განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს უნივერსიტეტის ინსტიტუციური ხედვა ციფრული სწავლის მიმართულებით და დამსრე აუდიტორიას გააცნეს მიმდინარე ინიციატივები. პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, დიანა მჭედლიშვილმა განიხილა თუ როგორ ხდება ციფრული განათლების ხარისხის კრიტერიუმების ინტეგრირება უნივერსიტეტის შიდა პროცესებსა და ხარისხის უზრუნველყოფის არსებულ მექანიზმებში.

 

მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში კიდევ უფრო აძლიერებს კავკასიის უნივერსიტეტის შესაძლებლობებს ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში და ემსახურება PRODIGE პროექტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია საქართველოს უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისკენ.