Nispacee ყოველწლიური კონფერენციისთვის საკონფერენციო მოხსენებების მიღება დაიწყო

29 დეკემბერი 2021

გამოცხადდა Nispacee ყოველწლიური კონფერენციისთვის საკონფერენციო მოხსენებების მიღების ვადები.

 

2022 წლის კონფერენცია გაიმართება ბუქარესტში, რუმინეთი, 2-4 ივნისს. 

30-ე კონფერენციის თემაა: კრიზისები, მოწყვლადობა და მედეგობა საჯარო ადმინისტრირებაში (Crises, Vulnerability and Resilience in Public Administration). 

 

აღსანიშნავია, რომ 30-ე კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივით გამოცხადდა და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა დაამტკიცა პანელი - „პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია“ (Policy Development and Coordination), რომელსაც კოორდინაციას გაუწევენ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორი, გიორგი ბობღიაშვილი, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი და ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი ივან კოპრიჩი. აღნიშნული საკითხი აქტუალურია როგორც საქართველოს საჯარო ადმინისტრაციის მიმდინარე რეფორმისთვის, ასევე, მთლიანად ევროპული ადმინისტრაციული სივრცისთვის. 

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა იწვევს ქართველ მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში და წარადგინონ საქართველოსთვის აქტუალური კვლევები.

 

მოხსენების აბსტრაქტის წარდგენის ვადაა 2022 წლის 24 იანვარი. 

კონფერენციის დღის წესრიგი და განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: 

https://www.nispa.org/user_reg_paper_prenote30.php?cid=300

 

Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში და მიზნად ისახავს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას რეგიონში. ქსელში გაწევრიანებულია რეგიონის 100-მდე უნივერსიტეტი.