მუზეუმის საერთაშორისო დღე კავკასიის უნივერსიტეტში

20 მაისი 2026

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს - ICOM ინიციატივით აღინიშნება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო ტური  „უნივერსიტეტის კედლებში მიმალული ხელოვნება“.

 

2026 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ - განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მუზეუმების როლს თანამედროვე სამყაროში, სადაც დიალოგისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და მუზეუმები იქცევიან ადგილებად, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიურობას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და მშვიდობის იდეის გაძლიერებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. წლევანდელი თარიღი ასევე უკავშირდება ICOM 80 წლის იუბილეს, რაც ორგანიზაციის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ მისიას წარმოაჩენს.

 

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის სივრცე სიმბოლურ საგამოფენო გარემოდ გარდაიქმნა, სადაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, მათ მხატვრულ ღირებულებასა და ავტორთა შემოქმედებით გზას. წარმოდგენილი ექსპოზიცია აერთიანებდა ქართველ ხელოვანებს, რომელთა შემოქმედება არაერთ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში.

 

ტურის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობის, სტილისა და ესთეტიკური თავისებურებების განხილვას. მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური აკადემიური სივრცე იქცეს კულტურული დიალოგისა და შემოქმედებითი ინსპირაციის ადგილად.

 

ღონისძიებამ სტუდენტებს საშუალება მისცა განსხვავებული პერსპექტივით შეეხედათ მათთვის ნაცნობი გარემოსთვის და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ, რომ ხელოვნება უნივერსიტეტის სივრცეში მუდმივად არსებობს - ხშირად შეუმჩნევლად, თუმცა მნიშვნელოვანი კულტურული გზავნილით.

 

საგანმანათლებლო ტურს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები, ICOM წევრები - გურანდა ჭელიძე და ქეთევან მუხიგული.  

 

ღონისძიების მხარდამჭერი იყო ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტი.