კავკასიის უნივერსიტეტისა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა

23 ოქტომბერი 2026

5-17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (OTH-AW)  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: “AI meets Arts”, წარმატებით განხორციელდა.  

 

საზაფხულო სკოლა ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე ნაწილი გერმანიაში, ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (OTH-AW). პროგრამა მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებებზე. 

 

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამას უძღვებოდნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები: რატი სხირტლაძე, გურამ შვანგირაძე, ხოლო პარტნიორი უნივერსიტეტიდან, პროფესორი ტატიანა ივანოვსკა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა. 

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განავითარეს პრაქტიკული უნარები, იმუშავეს გუნდურ პროექტებზე და ჰაკათონის დასკვნით ეტაპზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. საზაფხულო სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე იყო კულტურული აქტივობები საქართველოში და გერმანიაში, რომლებმაც ხელი შეუწყო მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. 

 

აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შემოქმედებით სფეროებთან დაკავშირებისთვის.