ნიკა ჩიტიშვილის ახალი კვლევა ჟურნალში - Clean Technologies and Environmental Policy

5 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, ნიკა ჩიტიშვილის ახალი სტატია გამოქვეყნდა Springer Nature-ის სამეცნიერო ჟურნალში - Clean Technologies and Environmental Policy - Scimago Q1 კატეგორიის გამოცემაში, რომლის Impact Factor არის 3.9, ხოლო CiteScore -8.0.

 

სტატიის სრული სათაურია: “ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ნაგავსაყრელებიდან გადამისამართება შეზღუდული მონაცემების მქონე ნარჩენების მართვის სისტემებში: კომპოსტირებისა და ანაერობული დამუშავების სცენარული შეფასება საქართველოში”. კვლევა ეხება საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას - მუნიციპალურ ნარჩენებში ბიოდეგრადირებადი ფრაქციის მაღალ წილს და ნაგავსაყრელებზე დამოკიდებულებას, სადაც ნაგავსაყრელის აირის შეგროვებისა და გამოყენების სისტემები ფართოდ დანერგილი არ არის. კვლევა სვამს კითხვას: რა მოცულობის სათბურის აირების შემცირება შეიძლება მიიღოს საქართველომ, თუ ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების ნაწილი ნაგავსაყრელებიდან ბიოლოგიური დამუშავების ტექნოლოგიებისკენ გადამისამართდება?

 

კვლევაში შედარებულია სამი სცენარი: საბაზისო - ნაგავსაყრელზე განთავსება, წყაროსთან სეპარირებული ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება და ანაერობული დამუშავება. საქართველო განხილულია როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენები მუნიციპალური ნარჩენების მნიშვნელოვან წილს შეადგენს, ხოლო ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ცალკე შეგროვებისა და დამუშავების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შეზღუდულია.

 

კვლევის მთავარი დასკვნის მიხედვით, ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების 50%-იანი გადამისამართება წლიურ სათბურის აირების ემისიებს კომპოსტირების შემთხვევაში დაახლოებით 37%-ით ამცირებს, ხოლო ანაერობული დამუშავების შემთხვევაში 52.7%-ით, საბაზისო ნაგავსაყრელზე განთავსების სცენართან შედარებით. შედეგები აჩვენებს, რომ ბიოლოგიური დამუშავების ორივე გზა მნიშვნელოვნად ამცირებს ნაგავსაყრელებიდან მეთანის ემისიებს. სტატიის მიხედვით კომპოსტირება შეიძლება იყოს პრაქტიკული საწყისი ნაბიჯი საქართველოში ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ნაგავსაყრელებიდან გადამისამართებისთვის, ხოლო ანაერობული დამუშავებას უფრო დიდი გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია იმ პირობებში, როდესაც უზრუნველყოფილია ნარჩენების წყაროსთან სეპარაცია, ენერგიის აღდგენა, ნარჩენების მართვის სტანდარტები და მეთანის გაჟონვის კონტროლი.

 

კვლევა სთავაზობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მონაცემებით შეზღუდულ გარემოში გამოსაყენებელ პოლიტიკის შეფასების ჩარჩოს და ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და ოპერაციული კრიტერიუმების ინტეგრირების აუცილებლობას ბიოლოგიური დამუშავების გზების შერჩევისას. მისი მიგნებები განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოს ნარჩენების მართვის რეფორმისთვის, კლიმატის პოლიტიკისთვის, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ევროკავშირის გარემოსდაცვით მოთხოვნებთან დაახლოებისთვის.

 

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ.