1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში მე-5 საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
მიმდინარე აკადემიურ წელს კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება ევროპის და აზიის 15 ქვეყნის 24 უნივერსიტეტის 40-ზე მეტ აკადემიურ და ადმინისტრაციულ წარმომადგენელს აერთიანებს.
კვირეული კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მონაწილეებს ასევე მიმართა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ, რომელმაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და სამომავლო სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრა.
გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: „საქართველოს ტურისტული პოტენციალი - მრავალფეროვნება, როგორც კონკურენტული უპირატესობა“, რომელსაც კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორები ნატა რობიტაშვილი და ნინო თიგიშვილი უძღვებოდნენ.
საერთაშორისო კვირეულის პროგრამა მოიცავს ინტერაქტიულ სესიებსა და ვორქშოფებს, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავს მიზნად. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება კვლევის განვითარება, ორმაგი ხარისხის პროგრამების ინიცირება და განხორციელება, ასევე საუნივერსიტეტო სერვისების ეფექტიანი მართვის საკითხები, აგრეთვე მოეწყობა საგანმანათლებლო გამოფენა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
კვირეულის განმავლობაში პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი შესაბამის სკოლებთან თანამშრომლობით სალექციო საქმიანობასაც განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამაში და ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილს იკავებს, როგორც განხორციელებული მობილობების, ასევე დაფინანსებული პროექტების რაოდენობით.
საერთაშორისო კვირეულის ორგანიზება კავკასიის უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა. უნივერსიტეტი აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიურად ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში მასპინძლობს, რაც საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს.
