19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორის, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იოსებ ნანობაშვილის ახალი წიგნის ,,პარტიული პოლიტიკა ევროკავშირში’’ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ასევე პრეზენტაციას ესწრებოდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ მიცკევიჩი.
ევროპის პარტიათა პოლიტიკის გააზრება სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრას ემსახურება: ერთი მხრივ, ევროპის პოლიტიკური პარტიების შექმნა, ევოლუცია და ტრანსფორმაცია ყოველთვის უკავშირდებოდა ევროპისთვის გარდამტეხ ისტორიულ მოვლენებს, რაც შესაძლებლობას იძლევა ევროპის ახალი და უახლესი ისტორია პარტიული პოლიტიკის ჭრილში განვიხილოთ; მეორე მხრივ, ევროპის პარტიული პოლიტიკის განვითარების შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, გამოიკვეთოს ისტორიული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორები, რომლებიც დღემდე ახდენენ გავლენას ევროპის პარტიათა საქმიანობაზე და განაპირობებენ მათ პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო საკითხებზე; მესამე და, ვფიქრობთ, ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს ევროპის პარტიათა როლის შეფასება ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობაზე, ანუ, იმის დადგენა, თუ როგორი გავლენა აქვთ ევროპაში მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ევროკავშირზე.
აღნიშნული ამოცანების წარმატებით განხორციელება, შესაძლებელს გახდის, რომ დისკუსია წარვმართოთ თანამედროვე ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრის - ევროკავშირის ქცევის განმაპირობებელი სხვადასხვა ასპექტის ირგვლივ.
ევროპის პოლიტიკურ პროცესებს წარმართავენ როგორც ევროპულ ქვეყნებში მოქმედი ეროვნული პოლიტიკური პარტიები, ასევე ამ პარტიებისაგან შედგენილი საერთო-ევროპული პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ევროპარლამენტის ფრაქციების სახით ფუნქციონირებენ. საერთო-ევროპული პოლიტიკური პარტიები აერთიანებენ ერთი პოლიტიკური პლატფორმის მქონე ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც წესი, მმართველ პოლიტიკურ ძალებს, ზოგ შემთხვევაში კი, მთავარ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. როგორც სახელმძღვანელოდან იკვეთება, სწორედ საერთო-ევროპული პოლიტიკური პარტიები ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ევროკავშირის ადმინისტრირების სამართლებრივ და ინსტიტუციურ ასპექტებზე.
შესაბამისად, ევროპის პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ იმ ორგანიზაციებს, რომლის ფარგლებში შეჯერებული პოზიციები საშინაო და საგარეო დღის წესრიგის, ასევე გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე, შემდგომში, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებში ხმოვანდება ხსენებული პოლიტიკური პარტიების ლიდერების - უმრავლეს შემთხვევაში, ევროპულ სახელმწიფოთა მეთაურების მიერ.