29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ელისაბედ მაჩიტიძე, მონაწილეობდა ბაქოში გამართულ პირველი თურქოლოგიური ყრილობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ თურქული სამყაროს კვირეულში.
კვირეული გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდჭერით. ღონისძიებები ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ, თურქულ აკადემიასთან, TÜRKSOY-თან, თურქული კულტურისა და მემკვიდრეობის ფონდთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენციები, სამეცნიერო პანელური დისკუსიები, გამოფენები და კულტურული პროგრამები, რომლებიც თურქული სამყაროს ისტორიულ, ენობრივ და კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ღონისძიებებში მონაწილეობდა 20-ზე მეტი ქვეყნის 120-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და აკადემიური წრის წარმომადგენელი, ასევე თურქული საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა იმსჯელეს თურქოლოგიის განვითარების, თიურქულენოვან ხალხებს შორის ინტელექტუალური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო სამეცნიერო სივრცის განვითარების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველი თურქოლოგიური ყრილობის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის იდეებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია და თანამედროვე ერთობლივი სამეცნიერო ინიციატივების მეშვეობით აგრძელებს განვითარებას.
კვირეულის მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი თურქოლოგიური ყრილობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საპატიო მედლებით.
