კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ში სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს

22 დეკემბერი 2025

15–18 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ გერმანიაში სამუშაო ვიზიტი განახორციელა ტექნიკური გამოყენებითი მეცნიერებების ვილდაუს უნივერსიტეტთან (TH Wildau) მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში.

 

დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა.

 

ვიზიტი მოიცავდა აკადემიურ შეხვედრებს, სტრატეგიულ დიალოგსა და ინსტიტუციურ თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორივე უნივერსიტეტის საერთო ხედვას ინტერნაციონალიზაციის,  კვლევებისა და ცოდნის გადაცემის მიმართულებით.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა TH Wildau-ის პრეზიდენტთან, პროფესორ ულრიკე ტიპესთან, სადაც განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების სამომავლო მიმართულებები. ასევე, გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ოფისის, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის, ასევე ეკონომიკის, ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტების დეკანებთან და სხვა წარმომადგენლებთან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი შეხვდა ასევე TH Wildau-ის სტუდენტებს, რომლებმაც ნოემბერში კავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტი განახორციელეს გაცვლითი (Study Abroad) პროგრამის ფარგლებში, პროფესორ მაიკლ ჰერცოგის ხელმძღვანელობით. შეხვედრისას სტუდენტებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს თავიანთი აკადემიური და კულტურული გამოცდილება თბილისში და იმსჯელეს სამომავლო მობილობის შესაძლებლობებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ მოინახულა ვილდაუს გამოყენებითი პოლიმერული კვლევების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი, სადაც განიხილეს კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინოვაციური მიმართულებების განვითარების პერსპექტივები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ თითოეულ ფაკულტეტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან გამართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა აკადემიური ქსელების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაფართოებას ციფრულ და ლოგისტიკის პროგრამის მიღმა, რომელსაც ორ უნივერსიტეტს უკვე რამდენიმე წელია ერთობლივად წარამტებით ახორციელებს.

 

ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის უნივერსიტეტსა და TH Wildau- შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სწავლების, ორმაგი პროგრამების, კვლევითი თანამშრომლობის, აკადემიური მობილობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს.