ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 ივნისი 2026

3-4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ულრიკე ტიპეს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, კარინ შმიდტს, უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების პროცესი და მიღწეული შედეგები. ასევე, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, კერძოდ, სტუდენტთა გაცვლის პროგრამების, მოკლევადიანი კვლევითი მობილობებისა და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული აკადემიური სფეროები, რომლებშიც ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობები განიხილებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელთან, სილვია შმიდთან (Silvia Schmid). შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტისა და ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიღწევები. 

 

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით შეიქმნა და წარმატებით ხორციელდება, რაც ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ უფრო აძლიერებს.