ტრენინგი თემაზე: „ეთიკური საკითხები კვლევით პროექტებში“

10 ივლისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2026 წლის 9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ეთიკური საკითხები კვლევით პროექტებში“. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დოქტორანტები და სტუდენტები. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში.

 

ტრენინგს გაუძღვა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი მაია მაჭავარიანი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო კვლევის ეთიკის ფუნდამენტური პრინციპები და განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც ეყრდნობა კვლევის ეთიკის საბჭოები, ნებაყოფლობითი მონაწილეობა, ძალაუფლების გავლენა და ფარული ზეწოლა, ინფორმირებული თანხმობა და მონაცემთა დაცვის ეთიკა, ეთიკური შეფასების პროცესში ექსპერტების მიერ დასმული ძირითადი კითხვები; ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებასთან დაკავშირებული ახალი ეთიკური გამოწვევები.

 

ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ პრაქტიკული მაგალითები, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ კვლევის ეთიკის თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე.

 

კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიზანია აღნიშნული ტრენინგითა და სამომავლოდ დაგეგმილი სხვა მსგავსი აქტივობებით ხელი შეუწყოს კავკასიის უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის სტანდარტებისა და კვლევითი პროექტების ეთიკურობის თვალსაზრისით შეფასების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას და კვლევითი საქმიანობის ეთიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ჩართულია საერთაშორისო პროექტში ETHICS, რომლის მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.