21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ, უმასპინძლა ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ობიდიონ ხამიდოვს (Obidjon Khamidov).
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, მოკლევადიანი აკადემიური ინიციატივებისა და კვლევითი პროექტების განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს კავკასიის უნივერსიტეტსა და ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ასევე ერთობლივი პროექტების განვითარებას.
კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
