ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მონაწილეობა მადრიდის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

27 ნოემბერი 2026

10-12 სექტემბერს, მადრიდში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე“ გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის, სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო, რომელმაც ხელი შეუწყო ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებასა და საქართველოსა და ესპანეთს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე, სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტსა და სან ისიდროს მუზეუმში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 27 მოხსენება და 5 ძირითადი სპიკერის გამოსვლა. სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობდნენ მადრიდის კომპლუტენსეს, ბარსელონის, სევილიის, მალაგის, ვალენსიისა და სორბონის უნივერსიტეტების, ასევე სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრები და აკადემიური პერსონალი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი კონფერენციაზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ წარმოადგინა მთავარი მომხსენებლის რანგში. მასთან ერთად მონაწილეობდა ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გურანდა ჭელიძე.

 

პროფესორმა გურანდა ჭელიძემ წარადგინა 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგები თემაზე: „ორი იბერია – საქართველო და ესპანეთი: თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევები“.

 

ნაშრომი ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებისა და უსაფრთხოების გარემოს შედარებით ანალიზს ეძღვნება. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გავლენას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და მის შედეგებს საქართველოსა და ესპანეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის.

 

ნაშრომში განხილულია ესპანეთის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს, გეოპოლიტიკური როლი და მისი სტრატეგიული ინტერესები ევროპასა და გლობალურ სამხრეთში. საქართველოს შემთხვევაში კი ყურადღება გამახვილებულია შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რუსეთის გავლენაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით შექმნილ საფრთხეებზე და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.

 

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნატოს როლის გააზრება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და ესპანეთის განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ორივე ქვეყანა დგას საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვისა და ცვალებად გამოწვევებთან ადაპტაციის აუცილებლობის წინაშე. ამასთან, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, თანამშრომლობის გაძლიერება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება.

 

კონფერენციის შრომების გამოცემა 2027 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.