თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას იწყებს

25 სექტემბერი 2019

თიბისიმ ახალი სტუდენტური პროგრამა “თიბისი კემპი” დაიწყო, რომელიც კავკასიის ბიზნესის სკოლაში განხორციელდება და მეოთხე კურსელი ფინანსების მიმართულების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები პროგრამის ფარგლებში, მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპს გაივლიან.

 

პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისი ბანკისგან.

 

პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.