დეკანის მიმართვა

გამარჯობა,

 

მაქვს პატივი მოგესალმოთ კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სახელით და გამოვიყენო ეს შესაძლებლობა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის მიზნები, საქმიანობა და შეგიქმნათ სწორი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც პროფესიონალთა გუნდი 2019 წლიდან ახორციელებს.

 

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი ხედვა, რომ განათლების სისტემა არის ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ინსტრუმენტი და ამ კუთხით წარმატების უზრუნველყოფისთვის უმაღლესი განათლების სისტემა, კერძოდ უნივერსიტეტი, არის ყველაზე მოკლე და ქმედითი გზა. სწორედ ამიტომ, კავკასიის განათლების სკოლის მისიაა, განათლების სისტემის ყველა სექტორისა და საფეხურისთვის უზრუნველყოს ქვეყნის განვითარების და  შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კომპეტენციის (ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები) მქონე კადრების მომზადება, რომელთა ღირსეული დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის წინაპირობების შექმნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა, დარგის და ქვეყნის განვითარებაში ღირსეული წვლილის შეტანისთვის მათი მომზადება.

 

იმისათვის, რომ დასახული მისია რეალობად იქცეს, მნიშვნელოვანია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პედაგოგიკის, მენეჯმენტის და პოლიტიკის მიმართულებებით. ამ მხრივ  პირველი ნაბიჯი 2019 წელს პედაგოგიკის კუთხით გადაიდგა, როცა ამოქმედდა „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა“ (დაწყებითი პედაგოგიკა), რომელიც მომავალში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

 

პროგრამის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იქნა გამოყენებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) 6 წლიანი გამოცდილება (2013-2018), როგორც მეთოდოლოგიის, სასწავლო რესურსების, ასევე ადამიანური რესურსების ჩართულობის კუთხით.

 

დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამა გამორჩეულია თავისი დიზაინით, ინოვაციური პროგრამებით (წიგნიერება; რემედიაციული სწავლება; კონფლიქტების მართვა და არაძალადობრივი გარემოს ფორმირება; დემოკრატიული კულტურა და ადამიანის უფლებები; ბიზნესის საფუძვლები და კარიერის დაგეგმვა დაწყებით საფეხურზე და სხვა), თეორიული ცოდნის პრაქტიკაში კონვერტირების უნარის გამომუშავებისკენ მიმართული სასკოლო პრაქტიკასა და პრაქტიკის კვლევაზე დიდი აქცენტით (1500 საათამდე სასკოლო პრაქტიკა, პირველი კურსიდან დაწყებული).

 

პედაგოგიკის მიმართულებით დამატებით სკოლა გეგმავს განახორციელოს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამა, ასევე დაგეგმილია პედაგოგიკის უცხოელი სტუდენტების მომზადება ერთსემესტრიანი ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში.

 

პედაგოგიკის მიმართულების გარდა კავკასიის განათლების სკოლა გეგმავს განახორციელოს განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო განათლების პოლიტიკის კუთხით სკოლის ინიცირებით (31.12.2021) დაიწყო  სწავლის სფეროების კლასიფიკატორში  განათლების პოლიტიკის  სწავლის სფეროს დამატების პროცედურები, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის განხორციელება.

 

სკოლის წარმატების და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის პირველი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვალიფიციური კადრები, რომელთაც გააჩნიათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე კვლევითი, აკადემიური თუ პრაქტიკული საქმიანობის წარმატებული გამოცდილება. 

 

შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე სკოლა უდიდეს ყურადღებას უთმობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში კონვერტირების უნარების გამომუშავებას და შესაბამისად პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, რისთვისაც კავკასიის განათლების სკოლას პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე სხვადასხვა კერძო, არასამთავრობო  და საჯარო ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან.

 

სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. სწავლა-სწავლების პროცესი ორიენტირებულია სტუდენტებში ისეთი უნარების გამომუშავებაზე, როგორებიცაა: პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, კრეატიულობა, ციფრული აზროვნება, თვითრეგულირება და ა.შ., რათა მათ შეძლონ ნასწავლის გადატანა პრაქტიკაში ახალი იდეების, ახალი თეორიების, ახალი პროდუქტებისა და ახალი ცოდნის გენერირებისათვის. ამავდროულად, ჩვენი საზრუნავია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისათვის, რისთვისაც აკრედიტებული გვაქვს ქართული ენის პროგრამა (1+4), რომელიც სათანადო სამართლებრივი რეგულაციების პირობებში  დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს, კავკასიის განათლების სკოლა რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და აქტივობებს.

 

და ბოლოს, რაც მთავარია სტუდენტებისადმი კავკასიის განათლების სკოლის დამოკიდებულება და ურთიერთობის ფორმები გამორჩეულად პარტნიორული და კოლეგიალურია, რამეთუ ჩვენ ვთანამშრომლობთ დიდ საქმეში, რომელსაც თავისუფალი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს შენება ჰქვია და ამ გზაზე წარმატება მხოლოდ თაობათა თანამშრომლობით მიიღწევა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ალუდა გოგლიჩიძე

კავკასიის განათლების სკოლის დეკანი