18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ოლივიე კურტო.
ელჩი სიტყვით წარსდგა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე და ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, დიპლომატიის მისიაზე, თანამედროვე გამოწვევებზე და საფრანგეთის მთავარ მიზანზე საქართველოსთან მიმართებით: მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს არსებობას.
ელჩის სტუმრობამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ კითხვები დასვეს საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზა ლიბერალიზაციის და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის და სასწავლო მობილობის გამარტივების შესაძლებლობის თაობაზე. სტუდენტებს ასევე აინტერესებდათ საფრანგეთის ხედვა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ქვეყნების მედეგობის გაზრდის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ელჩს და თანმხლებ დელეგაციას შეხვედრაზე უმასპინძლეს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ, სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, საფრთანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ანი თავართქილაძემ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა და მომავლის გეგმები განათლების სფეროში კავშირების გაღრმავებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, დაათვალიერა უნივერსიტეტის ისტორიული შენობა და სასწავლო ინფრასტრუქტურა.
