ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი შულეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

23 აპრილი 2026

13-17 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე, Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა საერთაშორისო კვირეულის პროგრამაზე ლიეტუვაში, შულეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელმა, რაც ღონისძიებას მრავალფეროვანსა და ინტერაქციულს ხდიდა. პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სამუშაო სესიებს რომელთა ძირითადი მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის პროფესიული კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

 

ღონისძიების ფარგლებში თითოეულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა საკუთარი ინსტიტუცია, საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ასევე, მონაწილე ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოეწყოთ ეროვნული სტენდები, სადაც წარმოდგენილი იყო მათი კულტურა, ტრადიციები, ნაციონალური კერძები და სასმელები, რაც ხელს უწყობდა არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციასა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.

 

ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ახალი პარტნიორების მოძიება, აგრეთვე, არსებულ და დაგეგმილ პროგრამებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. შეხვედრების ფარგლებში უნივერსიტეტებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ, იმსჯელეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობებზე, ერთობლივი პროექტებისა და კვლევითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

 

აღნიშნული საერთაშორისო ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში და მის სწრაფვას, გააძლიეროს საერთაშორისო კავშირები, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და განათლების ხარისხის ამაღლებას.