ზვიად კირტავა არის მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი.
ზვიად კირტავა იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ჯანმრთელობის ევროპულ კომიტეტში, ამავე კომიტეტის ბიუროს წევრი (2003-2011) და თავმჯდომარე (2005-06). 2000-04 წწ. - British Medical Journal (BMJ)-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. როგორც ევროკომისიის ექსპერტი, მონაწილეობდა პროექტების შეფასებაში ევროკავშირის სხვადასხვა სამეცნიერო პროგრამებში (FP4, FP6, FP7, Horizon2020).
ასევე მონაწილეობდა ევროკომისიის COST პროგრამის პროექტებში: Econ@Tel - ტელეკომუნიკაციების ეკონომიკა (2005-11), ADAPT - მიგრანტთა ჯანმრთელობა (2010-14), InterFaSol - თაობათაშორისი ოჯახური სოლიდარობა (2016-18), PUI - ინტერნეტის პრობლემური გავლენების ევროპული ქსელი (2018-23). 2017 წ,-დან - BMJ eLearning საქართველოს პროექტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2022 წლიდან - უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. 2024 წლიდან - აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოების მოწვეული წევრი მედიცინის მიმართულებით.
თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შედეგ გაიარა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია მოსკოვში, რევმატოლოგიის ინსტიტუტში, - შოგრენის სინდრომის შესახებ. შემდეგ - მრავალჯერადი სამეცნიერო სტაჟირება მალმოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (შვედეთი). გავლილი აქვს ტრენინგები სამედიცინო ინფორმატიკაში (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ), ტელემედიცინასა და ელექტრონულ ჯანდაცვაში (ტრომსოს უნივერსიტეტი, ტრომსო, ნორვეგია და მერილენდის უნივერსიტეტი (კოლეჯ პარკი, მერილენდი, აშშ), და ჯანდაცვის ადმინისტრირებაში (ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტისა და სკრენტონის უნივერსიტეტის ერთობლივი კურიკულუმი, აშშ), სამედიცინო განთლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კურსები (2021 და 2022). მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სამედიცინო ინფორმატიკაში, ასევე - ინოვაციური პროექტები ტელემედიცინასა, ელექტრონულ ჯანდაცვასა და მობილურ ტელემედიცინაში, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო დონორის (WHO, USAID/AIHA, ტუბერკულოზთან, შიდსთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, SIDA, CRDF-Global, Partnership for Peace, DoD/ONRG, ISN, ევროპის საბჭო) და ადგილობრივი ფონდების (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) მიერ. იგი არის 110-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, და საერთაშორისო კონფერენციებზე 40-ზე მეტი მოხსენების ავტორი ელექტრონული და მობილური ჯანდაცვის, ტელემედიცინის, დისტანციური სწავლების, ინტერნეტის პრობლემური გამოყენების (ინტერნეტ-დამოკიდებულების), შინაგანი მედიცინის, რევმატოლოგიის, სამედიცინო განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კლინიკური ფარმაკოლოგიის საკითხებზე. 2026 წლიდან არის რუსთაველის ფონდის პროექტის - „ინტერნეტის პრობლემური გამოყენება ახალგაზრდებში - მისი ფარგლები და გავლენა ჯანმრთელობაზე“ - ხელმძღვანელი (კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
