ბიოგრაფია

ნანა ფირცხელანი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 2023 წლიდან კითხულობს ენერგეტიკულ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2022 წელს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტისგან. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი  მოპოვებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისგან (2010) და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან (2000).

 

ნანა ფირცხელანს საჯარო და ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. 2004-2019 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე   საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მათ შორის, ეკავა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის პოზიციები ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. 2016 წელს ევროპული კომისიის მიერ დაჯილდოვდა INOGATE-ის პროგრამის ფარგლებში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. სახელმწიფო სექტორში მუშაობის განმავლობაში მიღებული აქვს სამსახურებრივი ჯილდოები სხვადასხვა დონის კონფერენციებისა და სამთავრობო შეხვედრების წარმატებით ორგანიზებისათვის.

 

მისი სამეცნიერო და საექსპერტო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკული უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები, მდგრადი განვითარება და ევროპული ინტეგრაციის პროცესები. მისი საქმიანობა მოიცავს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევების, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ენერგოდამოკიდებული სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტიზაციის საკითხებს.

 

მას გავლილი აქვს George C. Marshall European Center for Security Studies-ისა და NATO Energy Security Centre of Excellence-ის სასწავლო პროგრამების სასერტიფიკატო კურსები; ასევე, ვისკონსინის უნივერსიტეტის (აშშ) სასწავლო კურსი ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკული ეკონომიკის საკითხებში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრებში.