განათლების პოლიტიკის ინიცირება

7 აპრილი 2022

2021 წლის 31 დეკემბერს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის განათლების სკოლის მიერ მომზადებული განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სწავლის სფეროების კლასიფიკატორში  განათლების პოლიტიკის  სწავლის სფეროს დამატებას.

 

განათლების პოლიტიკის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების აუცილებლობა პირველ რიგში საერთაშორისო გამოცდილების ანალიზით იყო განპირობებული. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ამერიკელმა პროფესორებმა პოლიტიკური მეცნიერებების დარგში, რომელთა შორის იყვნენ ჰაროლდ ლასველი და აარონ ვილდავსკი, გადაწყვიტეს რომ საჭირო იყო ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკის სიღრმისეული და კრიტიკული ანალიზი, მონაცემებზე დაყრდნობით მათი შედეგების შეფასება და რომ ამისათვის საჭირო იყო სულ სხვა, ახალი ტიპის განათლება და საგანმანათებლო პროგრამები. იმ დროს მათი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო ფედერალურ რეფორმათა პროგრამა „დი(ა)დი საზოგადოება“ რომელიც გულისხმობდა რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა სფეროებში და მათ შორის განათლებაშიც. შედეგად, თითქმის 6 ათწლეულის წინ აშშ-ში შეიქმნა საჯარო პოლიტიკის აკადემიური პროგრამები, რომელთა მისიაა მოამზადონ პოლიტიკის ანალიტიკოსები (Policy Analysts), რომლებიც შეძლებენ სამთავრობო გადაწყვეტილებების კრიტიკულ ანალიზს, სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ალტერნატიული მიდგომების შემუშავებას, მათი შედეგებისა და რისკების შეფასებას და უკეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღების ხელშეწყობას

 

აშშ-ის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში განათლების ისტორიულად მნიშვნელოვანმა როლმა, რომელიც  კიდევ უფრო გაიზარდა ზემოთაღნიშნული რეფორმების ფარგლებში, ხელი შეუწყო განათლების პოლიტიკის ანალიზის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაიზარდა ყურადღება განათლების პოლიტიკის ანალიზისადმი ევროპაშიც განსაკუთრებით მას შემდეგ  რაც ლისაბონის სტრატეგიისა და ბოლონიის პროცესის შედეგად, ევროკავშირმა მიზნად დაისახა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონო-მიკის განვითარება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იქნებოდა სწორედ განათლება.

 

შედეგად, განათლების პოლიტიკა ჩამოყალიბდა საჯარო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად, რასაც მოჰყვა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა. ისევე როგორც საჯარო პოლიტიკის პროგარმების შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამების მიზანია ისეთი პროფესიონალებისა და სფეროს ლიდერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ კრიტიკულად გაანალიზონ განათლების პოლიტიკის საკითხები, შეიმუშავონ გამოწვევების დაძლევის გზები და მიიღონ გადაწყვეტილებები სრულყოფილი ინფორმაციის მუდმივი დეფიციტისა და ბუნდოვანების პირობებში

 

გამოწვევები და ამოცანები რომელთა წინაშეც თავის დროზე დადგნენ ამერიკელი და ევროპელი განათლების სფეროს წარმომადგენლები კიდევ უფრო მწვავეა საქართველოს შემთხვევაში. ქვეყნის რთული წარსული, მძიმე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, განათლების სფეროში ხარისხთან, ინოვაციებთან, მეთოდებსა და მიდგომებთან, მმართვის სისტემებსა და პრაქტიკასთან, ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაკაშირებული უამრავი პრობლემა, „დაკარგული თაობები“ და მსოფლიო შრომის ბაზარზე დაბალი კონკურენტუნარიანობა, ბევრი სანახევროდ განხორციელებული, ჯერ კიდევ განსახორციელებელი თუ განუხორციელებელი რეფორმა, ფუნდამენტური თუმცა ამავე დროს, მტკივნეული ცვლილებები რომელთა განხორციელებაც არის მნიშვნელოვანი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს მემკვიდრეობით მიღებული პოსტსაბჭოთა განათლების სისტემა გარდაქმნას იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საკუთარ დამოუკიდებლობას, დემოკრატიზაციასა და განვითარებას.

 

ამას ასევე ემატება ის გლობალური გამოწვევებიც, რომლის წინაშეც ერთნაირად დგას, როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული სამყარო. ყოველივე ეს კი მოითხოვს კარგად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებსა და სათანადო ანალიზის შედეგად შემუშავებულ და განხორციელებულ განათლების პოლიტიკას.

 

თუმცა, აშშ-სა და ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მათი უზრუნველყოფის მექანიზმები ე.ი. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები დღესდღეობით ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამგვარად, ერთის მხრივ,  დასავლური ქვეყნების წარმატებისა და მეორეს მხრივ, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის განათლების სკოლის საინიციატივო ჯგუფმა ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების პოლიტიკის საკითხების კრიტიკული ანალიზისათვის, პრობლემათა გადაჭრის გზების შემუშავებისათვის, მათი შეფასებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროფესიონალების მომზადებას. სწორედ, ამ მიზნით მომზადდა განათლების პოლიტიკის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, სადაც განისაზღვრება შესაბამისი კვალიფიკაციის მფლობელის მინიმალური კომპეტენციები და რამაც უნდა უზრუნველყოს აკადემიური სტანდარტის შესახებ  აკადემიური საზოგადოების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და სწავლების პროცესისთვის  მყარი საფუძვლის მომზადება.  

 

ზემოთაღნიშნულ ინიციატივას წინ უძღვოდა კონსულტაციები, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებთან, ასევე აკადემიური სფეროს, კერძო და არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან რომლებიც დაკავშირებული არიან განათლების პოლიტიკის საკითხებთან.

 

კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: „უმეტესობა ჩვენგანი ვთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ განვიცდით განათლების პოლიტიკის ანალიზისათვის და კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას, იმ ცოდნისა და გამოცდილებისა რომელიც დიდი ხნის წინ დააგროვეს წარმატებულმა დასავლურმა ქვეყნებმა და რომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი ეს წარმატების ფორმულა“.

 

საკონსულტაციო შეხვედრების გარდა, ინიცირების სამუშაო ჯგუფის მიერ, ასევე განხორციელდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ონლაინ ფორმატში. გამოკითხულთა 53.1% დასაქმებულია საჯარო სექტორში, 33.3% - კერძო სექტორში ხოლო რესპოდენტთა 13.6% დასაქმებულია არასამთავრობო სექტორში. რაც შეეხება განათლების პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გამოცდილებას: გამოკითხულთა 49.4% არის განათლების პოლიტიკის ბენეფიციარი, 45.7% - პოლიტიკის დანერგვა/განხორციელებაში ჩართული, 11.1% ჩართულია პოლიტიკის განსაზღვრაში, ხოლო 25.9% - პოლიტიკის მომზადებასა და შემუშავებაში.

 

განსხვავებული გამოცდილების მიუხედავად, საინტერესოა ის, რომ რესპოდენთა 14.8% მიიჩნევს,  განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის არსებობა არის მნიშვნელოვანი, ხოლო 81.5% თვლის, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ერთ-ერთმა რესპოდენტმა განმარტა: „განათლება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების ქვაკუთხედს, რაც თავის მხრივ საჭიროებს განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მაღალკვალიფიციური კადრების მიერ და შესაბამისად, მსგავსი სამაგისტრო პროგრამის არსებობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.’’

 

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით იგივე პათოსს იზიარებს კიდევ ერთი რესპოდენტი, რომელმაც აღნიშნა,  რომ „განათლების პოლიტიკა განათლების სისტემის განვითარების გენ. გეგმაა, რომლის გარეშეც რთულია სრულყოფილ განათლების სისტემაზე საუბარი.“

კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ ასევე ვრცლად ისაუბრა სფეროში კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობასთან დაკავშირებით და თუ როგორ შეუძლია განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამებს დაგვეხმაროს არსებული გამოწვევების დაძლევაში:

 

,,დღესდღეობით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა უმეტესობა ან იურისტია ან განათლების ადმინისტრატორი, რომელთა მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების შედეგია და ნაკლებად ეფუძნება განათლების პოლიტიკის ღრმა და სისტემურ ცოდნას. ამას გარდა, განათლების ადმინისტრატორებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში სწავლის დასრულების შემდგომ პირდაპირ საქმდებიან საჯარო სექტორში, აქვთ ნაკლები ინფორმაცია განათლების პოლიტიკის ძირითადი კონცეფციებისა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პოლიტიკური რეალობის შესახებ. იურისტები კი, გადაწყვეტილების მიღებისას/დოკუმენტის შემუშავებისას, ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას განათლების პოლიტიკის სწორ კურსზე და უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი იურიდიულად სწორად გამართონ ესა თუ ის დოკუმენტი ან პროცესი. არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ვფიქრობ, განათლების პოლიტიკის პროგრამა თავისი კურსდამთავრებულებით, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს  ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და მათი სისტემაში არსებობა ხელს შეუწყობს სისტემური და რაციონალური რეფორმების გატარებასა და დანერგვას.’’

 

გარდა ამისა, გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ რესპოდენტები დადებითად აფასებენ განათლების პოლიტიკის ცალკეული მნიშვნელოვანი ასპექტების სწავლის შესაძლებლობასაც. გამოკითხულთა:

  • 84% თვლის, რომ განათლების პოლიტიკის, ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი;
  • 85,2% მიიჩნევს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევების და წარმატებული ქვეყნების გამოცდილების ცოდნა;
  • 81,5% თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდებისა და პოლიტიკის ანალიზის ტექნიკის სრულფასოვნად ცოდნა;
  • 75,3% მიიჩევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლებას ვუკავშირებდეთ შრომის ბაზარს, სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკურ და ზოგად განვითარებას.
  • 71,6% თვლის, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლების პოლიტიკის ეფექტიანობა-ხარჯების ანალიზი.

რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია და სასიხარულო, გამოკითხულთა 82.9% გაუწევს რეკომენდაციას განათლების პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამას.

 

განათლების პოლიტიკის ინიცირების სამუშაო ჯგუფი:

  • ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, განათლების პოლიტიკის ინიცირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა - კავკასიის უნივერსიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, აფილირებული პროფესორი;
  • დიანა მჭედლიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი;
  • გიორგი ნოზაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, აფილირებული პროფესორი, საბაზისო განათლების პროგრამის სწავლება-სწავლის დირექტორი/აშშ-ს საერთაშირისო განვითარების სააგენტო (USAID), კვლევის სამკუთხა ინსტიტუტი (RTI);
  • პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი/აშშ-ს საერთაშირისო განვითარების სააგენტო (USAID), კვლევის სამკუთხა ინსტიტუტი (RTI);
  • სიმონ ჯანაშია - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში-საზოგადოებერივი პროგრამების ხელმძღავნელი;
  • შალვა ტაბატაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
  • მაია ზიბზიბაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ექსპერტ-კონსულტანტი;
  • ნიკოლოზ სილაგაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის საბჭოს წევრი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, განათებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი;
  • გიორგი მაჩაბელი - კავკასიის უნივერსიტეტი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) აღმასრულებელი დირექტორი;
  • რევაზ აფხაზავა - კავკასიის უნივერსიტეტი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს განათლების პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი;
  • ლილი ბიბილაშვილი - ადამიანური რესურსების ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, „HR პროფერიონალთა გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი;
  • ნინო ძოწენიძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლა, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, არაფორმალური განათლების ახალგზარდული ცენტრის „მზიანი სახლი" დამფუძნებელი და ტრენერი;
  • ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
  • სალომე ჩიტორელიძე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, განათლების პოლიტიკის ინიცირების სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.

 

 

[1] The Goldman School of Public Policy, University of California, Berkeley https://gspp.berkeley.edu/about/history

[2] Graduate School of Education, Stanford University https://ed.stanford.edu/academics/doctoral/ships/edpolicy