TEDQUAL

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საგანმანათლებლო აკადემიის, TedQual-ის სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.  TedQual სერტიფიცირების სისტემა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს. ხარისხის ეს სისტემა ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას. სერტიფიცირების წარმატებით გავლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კავკასიის ტურიზმის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სტუდენტებს  მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ამზადებს. ამ წარმატებით საქართველო უმაღლესი განათლების გლობალურ კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სერტიფიკატის მიღება პროგრამის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას და მათზე ადეკვატურ პასუხს ნიშნავს.

 

მტო-ის TedQual ქსელში ჩაბმით, კავკასიის ტურიზმის სკოლა მოიპოვებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ასევე უამრავ შესაძლებლობას საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის. უნივერსიტეტები, როგორიცაა:  George Washington University, Università di Bologna, César Ritz Colleges: IHCR & UCCR, Bournemouth University, Université du Québec à Montréal – UQAM ასევე არიან ამ სისტემით სერტიფიცირებული.

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო აკრედიტაციის (TedQual) პროცესის წარმატებით დასრულებაში,  კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სოლიმარი“ დაეხმარა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებგვერდს.