დეკანის მიმართვა

კავკასიის უნივერსიტეტი და კავკასიის სამართლის სკოლა ათეულობით წლებია, რაც ლიდერი და  წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. დამსახურებულად მოვიპოვეთ ნდობა და ავტორიტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებში,  აკადემიურ პერსონალსა და  უცხოელ პარტნიორებში.

 

კავკასიის სამართლის სკოლის (CSL)  სტუდენტები უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი ხდებიან, რაც მათ ანიჭებთ კუთვნილების შეგრძნებას, რომელიც გრძელდება სწავლების დასრულების შემდეგაც.

 

CSL წლებია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სწავლებას - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომასა და მხარდაჭერას, მეორეს მხრივ უზრუნველყოფს დისციპლინირებული აკადემიური სივრცის შექმნას, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზით სტუდენტის აღჭურვაზე, არამედ ეთიკურ გარემოში პიროვნების ზნეობრივი ფასეულობებით აღზრდაზე.  

 

CSL განსაკუთრებული მახასიათებლებია: სამართლის პროგრამების ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო დასაქმებისთვის,  თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისობით მიღებული განათლების შედეგების  მიღწევა. განსაკუთრებული შტრიხია ევროპული სწავლების/EU studies და შედარებითი სწავლების ინტეგრირება სასწავლო კურსებში.

 

CSL უპირობო ლიდერია ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების სივრცეში; იგი  ევროპული სწავლების ცენტრია საქართველოში, რასაც მოწმობს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული გამარჯვებულად გამოცხადებული ინიციატივები. სკოლა კი ამ მიმართულებით უპრეცედენტო პროექტებს ახორციელებს: ერთ ერთია ბოლო მოდული, რომელმაც გაიმარჯვა ჟან მონეს აქტივობების კონკურსში „სამართლის პროგრამების ევროპიზაცია საქართველოში“.

 

CSL-ის  განსაკუთრებული სფეროა კვლევისა და მეცნიერების განვითარება. კავკასიის სამართლის სკოლის ან მისი პარტნიორობით გამოქვეყნებული წიგნები/კვლევები უნიკალურია, რამეთუ ახალი და შედარებითი ცოდნის ეროვნულ სამართალში შემოტანით მნიშვნელოვნად ავითარებს ქართულ მეცნიერებასა და პრაქტიკას, გამოყენებადია ციტირების სახით სამოსამართლო სამართალში.

 

CSL-ის  პროგრამები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროგრესისა და საზოგადოების არჩევანის ერთგული და განმავითარებელია, რაც დასტურდება კონკრეტული სილაბუსების შინაარსით,  წყაროებით/ლიტერატურით, აკადემიური პერსონალის უმაღლესი პროფესიონალიზმითა და ევროპულ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების რაოდენობით. 

 

სამართლის  სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები საქმიანობენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო  ხელისუფლების ორგანოებში,   ასევე  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და არასამეწარმეო  ორგანიზაციებში, სამართალდამცავ   და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში და კორპორაციულ სტრუქტურებში.

 

კავკასიის სამართლის სკოლის  (CSL) სლოგანია: “კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!” (“DURA LEX, SED LEX!”).

 

სოფო შენგელია

კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი