კავკასიის უნივერსიტეტის ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი 2 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ატარებს საჯარო ლექციას თემაზე - "ბიოლოგიური საფრთხეები და ჰიბრიდული უსაფრთხოება თანამედროვე საერთაშორისო გარემოში."
ლექციას უძღვებიან გურანდა ჭელიძე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და თენგიზ ვერულავა, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, მელბურნის RMIT უნივერსიტეტის საპატიო მკვლევარი.
თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში ბიოლოგიური საფრთხეები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჰიბრიდული გამოწვევების ფართო სპექტრში. ეპიდემიები და პანდემიები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისები, ბიოლოგიური რისკები, დეზინფორმაცია და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა ქმნის კომპლექსურ საფრთხეებს, რომლებიც სცდება ტრადიციული უსაფრთხოების ფარგლებს და სახელმწიფოთა მხრიდან კოორდინირებულ მოქმედებასა და მედეგობის გაძლიერებას მოითხოვს.
ლექცია განიხილავს ბიოლოგიური საფრთხეების გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, მათ კავშირს ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებთან და NATO-ს მიდგომებს ბიოლოგიური უსაფრთხოების, სამოქალაქო მზადყოფნისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ბიოლოგიური საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობებს, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას, ეროვნული ინსტიტუტების როლსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ლექციაზე დასრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
