მწერლის დღე - თავისუფლება როგორც აზროვნების რადიკალური ფორმა

27 მარტი 2026
27 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ფარგლებში, შედგება მაია ბადრიძის - განსაკუთრებული ხელწერის, გამორჩეული აზროვნების ლიტერატორისა და საუკეთესო მთარგმნელის - საჯარო ლექცია: თავისუფლება, როგორც აზროვნების რადიკალური ფორმა.
 
მოდერატორი: პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.
 
მაია ბადრიძე ისაუბრებს ნიცშესეული უკვდავი ღმერთის მკვლელ მოკვდავ ადამიანზე და პარალელს გაავლებს ზვიად რატიანის მიერ თავისუფლების ეგზისტენციური შიშის უზუსტეს აღწერასთან: „ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ / და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს...“ „ და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ...“ „ღმერთი მოკვდა. ის ჩვენ მოვკალით.“
 
რას აღწერს ნიცშეს ეს პროვოკაციული ფრაზა, როგორ გავიგოთ ეს პარადოქსი? ადამიანი მარტო რჩება სამყაროს უპასუხო გულგრილობის წინაშე და ხვდება, რომ საკუთარი მნიშვნელობა თავად უნდა მოძებნოს, რადგან დიდი ნარატივები გაუფერულდა. ეს კი ითხოვს არა განმარტოებას, არამედ ქმედით გადაწყვეტილებას - მოძებნოს საკუთარი დანიშნულება სამყაროში და განსაზღვროს ადამიანურობის არსი. საბჭოთა იმპერიის დანგრევამ, პოსტკოლონიურ ეპოქაში, ადამიანი ამ სიცხადის გაცნობიერების აუცილებლობის წინაშე დააყენა. სიცხადის პირისპირ დგომას კი მხოლოდ აზროვნების რადიკალური ფორმა ხდის შესაძლებელს, რადგან ადამიანმა უარი უნდა თქვას იმ ღირებულებთა სისტემაზე, რომელიც მას მოჩვენებითი უსაფრთხოების ილუზიას უქმნის. შეიძლება ითქვას, ორივე ავტორთან თავისუფლება ალტერნატივის სიმრავლეა, ამ სიმრავლეში საკუთარი თავის პოვნა კი ადამიანის არსებითი დანიშნულება.
 
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.