საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“

11 ივლისი 2019

13 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“.

 

მეტამოდერნიზმის ეპოქაში, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გლობალიზაციის აშკარა ტენდენციის გათვალისწინებით, მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის შედეგების პროგნოზირება უფრო რთულდება, ვინაიდან ტრანზიციის პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ ინსტიტუტების სტრუქტურაზე, არამედ პროცესში მონაწილე ინდივიდუალური აგენტებისა და სოციალური ჯგუფების მიერ არსებული სტრუქტურისა და პროცესის აღქმაზე. პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში სუბიექტური აღქმების გაზრდილი როლი სოციალურ კონსტრუქტივიზმს თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების ყველაზე უფრო პარსიმონიულ თეორიულ ამხსნელად აქცევს, განსაკუთრებით ტრანზიციულ საზოგადოებებში, სადაც კანონიერ ჩარჩოებში თუ მის გარეთ მოქმედ აქტორებს გავლენა აქვთ განვითარების პროცესზე.

 

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს, კონფერენციის ფარგლებში იგეგმება 20-მდე გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა. ვინაიდან კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და მოწოდებულია შეაფასოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ქვეყნის სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე რეგიონულ და საერთაშორისო სისტემაში, ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (ე. წ. Case Study) ან / და შედარებით კვლევას (ე. წ. Comparative Research) და მოიცავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ (მეორადი წყაროების კვლევა - ე. წ. Desk Research), ემპირიულ (პირველწყაროების - თვისებრივი / რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი), მეთოდოლოგიურ (სარეკომენდაციო - ე. წ. Advocacy Research Paper) საკითხებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.

 

განმცხადებლებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ 2019 წლის მაისში.

 

შერჩეულმა მონაწილეებმა საკონფერენციო მოხსენება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა.

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.