25 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - “ირანი - გონების იმპერია”.
წიგნი წარმოადგენს ბრიტანელი აკადემიკოსის, მწერლისა და კომენტატორის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სამინისტროს ირანის განყოფილების ხელმძღვანელის (1998-2000 წლებში) მაიკლ ჯორჯ ენდრიუ აქსუორთის ნაშრომს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის, რთული ისტორიისა და თანამედროვეობის მქონე ქვეყნის - ირანის შესახებ. როგორც თვითონ ავტორი აღნიშნავს, დღევანდელი მსოფლიოსთვის ირანი ხშირად მტრულად განწყობილი, რთული და ჩაკეტილი ქვეყანაა, თუმცა მყვირალა სათაურებისა თუ პოლიტიკური განცხადებების მიღმა დგას დიდი ინტელექტუალური მრავალფეროვნებისა და სიღრმის, უზარმაზარი კულტურული მნიშვნელობის მქონე ერი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ თავის მეზობელ ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.
რატომ გადაწყდა ამ წიგნის თარგმნა?
კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობას უკვე გამოცემული აქვს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო ანტიკური ხანიდან 21-ე საუკუნის მოვლენების ჩათვლით, რომელიც ითარგმნა და გამოიცა ინგლისურ, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზეც. ჩვენ დიდ პატივად მიგვაჩნია ჩვენი უძველესი ერის გმირული ისტორიის შესწავლა, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ერის განვითარება მეზობელ ერებთან მჭიდრო ურთიერთქმედების გარეშე არ მომხდარა. საქართველოს ბედ-იღბალი ყოველთვის მათთან იყო გადაჯაჭვული და სწორედ ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სრულყოფილად ვიცნობთ ჩვენი ერის ისტორიას, თუ არ გვეცოდინება იმ ერების ისტორია, რომელთა მეზობლადაც ვვითარდებოდით და ისტორიულ ქარტეხილებში ვიყავით გადახლართულნი.
აღნიშნული წიგნი - „ირანი - გონების იმპერია“ - დიდი ხნის ნაფიქრი იდეის პირველი მერცხალია, რომელსაც მოჰყვება სხვა წიგნებიც, სხვა ერებისა და ცივილიზაციების ისტორიები, გადმოცემული ობიექტური ავტორების მიერ.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
