კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასრულება

30 მაისი 2023

22-26 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.

 

პროგრამის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.

 

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერქაციულ სესიებში შემდეგ აქტუალურ თემებზე:  აკადემიური კეთილსინდისიერება, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესები, უნივერსიტეტის მესამე მისია; მეწარმეობასა და ინოვაციებში მიღებული სასარგებლო გამოცდილებები („Lessons Learned in Entrepreneurship”).

 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან,  პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებისათვის ლექციები და მასტერკლასები ჩატარდა. უცხოელ ლექტორებს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის, ბიზნესის, არქიტექტურის, სახელმწიფო მართვის, ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და სამართლის სკოლებმა.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ასევე  პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის წარედგინათ საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები და პროგრამები.

 

საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასასრულს, მონაწილე პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო პროგრამის დასრულება აღინიშნა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღეწსასწაულო ღონისძიებით.