კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და მთარგმნელი ცისანა ბიბილეიშვილი, 2026 წლის აპრილში მიწვეული იყო მწერალთა და მთარგმნელთა რეზიდენციაში შატო ლავინი (შვეიცარია), სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო მთარგმნელობით სამუშაო პროგრამაში შვეიცარიელ ავტორ კატრინ ლოვესთან ერთად.
ვიზიტი განხორციელდა შვეიცარული ფონდის Pro Helvetia მხარდაჭერით. ფონდის მიწვევით, ლავინის შატოში იმყოფებოდნენ ასევე შვეიცარიული ფრანგულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა სათარგმნ წიგნზე. პროცესში ავტორთან ერთად დეტალურად განიხილებოდა ნაწარმოებში ასახული თემები, მხატვრული თავისებურებები და კულტურული კონტექსტები, რაც თარგმანის სიღრმისეულ და ზუსტ ინტერპრეტაციას უწყობდა ხელს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ასევე მსჯელობდნენ თანამედროვე თარგმანის გამოწვევებზე, ლიტერატურული თარგმანის მნიშვნელობაზე კულტურათაშორისი დიალოგის პროცესში და შვეიცარიული მხატვრული ლიტერატურის სხვადასხვა კულტურულ სივრცეში გავრცელების შესაძლებლობებზე.
სამუშაო შეხვედრებს თან ახლდა კულტურული პროგრამა, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა უკეთ გაცნობოდნენ შვეიცარიის კულტურულ გარემოსა და ლიტერატურულ ტრადიციებს.
