15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეექვსე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები წარადგინეს ჟიურის, ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პარტნიორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.
დემო დღეზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: Opti, Flexi, Hatch, Kan-Guroo, Kere, StudOrga, SwipeSights და AI Sakhli.
ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუამ და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების, ინოვაციური ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მეწარმეობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
სტარტაპების პრეზენტაციები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
- კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
- ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
- ირო ცაგარეიშვილი – Axel-ის დირექტორი
- ჯოუ ჯუეციანგი (ჯონი) – Huawei Georgia-ს სახელმწიფო და საწარმოო ბიზნესის დირექტორი
- გიორგი კინწურაშვილი – თიბისი ბანკის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი
დემო დღის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
- I ადგილი - Opti
- II ადგილი - Flexi
- III ადგილი - Kere
სამივე გამარჯვებული გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
გარდა ამისა, Huawei-მ პირველი ადგილის მფლობელ გუნდს – Opti-ს – სპეციალური პრიზი, Huawei-ის სმარტ საათები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში პარტნიორმა ორგანიზაციებმა ასევე დააწესეს სპეციალური პრიზები:
TBC Bank-მა პროგრამის მონაწილე სტარტაპებს შესთავაზა შესაძლებლობა, ისარგებლონ საქართველოს წამყვან სტარტაპ პროგრამებთან პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივით, რომელიც დამწყებ კომპანიებს API-ებით გამყარებულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მხარდაჭერა სტარტაპებს MVP-ის განვითარების და ბაზარზე გაშვების ეტაპზე უფრო მდგრადი და უსაფრთხო ტექნოლოგიური საფუძვლის შექმნაში დაეხმარება.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-მა განსაკუთრებული შესაძლებლობა შესთავაზა დემო დღის გამარჯვებულ სამეულს. სტარტაპები GTW 2026-ის სცენაზე საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობას მიიღებენ, რაც მათ საერთაშორისო აუდიტორიასთან, ინვესტორებთან და ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დაკავშირების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
IT Academy STEP-მა საკუთარი რჩეული გუნდი – Hatch – დაასახელა და გუნდის თითოეულ წევრს 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადასცა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად.
Analog AI-ის რჩეული გუნდი გახდა StudOrga, რომელსაც გადაეცა 5,000 ლარის ღირებულების კრედიტი თანამედროვე დიდი ენობრივი მოდელებისა (LLM) და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გამოსაყენებლად, რაც გუნდს AI-ზე დაფუძნებული პროდუქტების უფრო სწრაფ განვითარებასა და ტესტირებაში დაეხმარება.
Insight Out-მა ასევე StudOrga დაასახელა თავის რჩეულ გუნდად და გადასცა მომხმარებლის კვლევის სპეციალური პაკეტი. პრიზის ფარგლებში საერთაშორისო მკვლევრის ჩართულობით განხორციელდება სტარტაპის ბიზნესსაჭიროებების ანალიზი, კვლევის დიზაინის შემუშავება, ძირითადი ჰიპოთეზების ტესტირება 200 ვალიდურ რესპონდენტზე და დამუშავებული ანალიტიკური ინსაითების მიწოდება, რაც გუნდს Product-Market Fit-ის ეტაპზე მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გააზრებასა და ვალიდაციაში დაეხმარება.
დემო დღე დასრულდა დაჯილდოების ცერემონიითა და ნეთვორქინგ სესიით.
დემო დღის წამყვანი იყო კერი სლატერი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის საერთაშორისო პარტნიორობის სპეციალისტი.
CUnicorn-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეექვსედ აერთიანებს ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვატორებსა და დამწყებ სტარტაპებს, რომელთაც საკუთარი იდეების განვითარება სურთ.
ღონისძიების მხარდამჭერები: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჰუავეი, TBC ბანკი, აქსელი,Global Tech Weekend Tbilisi 2026, IT Academy Step, Analog AI, Insight Out, Efes.
