კავკასიის უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის სემინარი გაიმართა

15 ოქტომბერი 2026

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში XI ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ფარგლებში, კვლევის ეთიკის სემინარი გაიმართა.

 

სემინარს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები: თათია ჩოკორაია და მაია მაჭავარიანი.

 

სემინარის მიზანი იყო კვლევით საქმიანობაში ეთიკური პრინციპების მნიშვნელობის წარმოჩენა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების განხილვა.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კვლევის ეთიკის საერთაშორისო დეკლარაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების ძირითად პრინციპებს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ეთიკური რისკებისა და სარგებლის შეფასებას, ინფორმირებული თანხმობის მიღებას, კვლევის მონაწილეთა უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვას, ასევე, მონაცემების პასუხისმგებლიან მართვას.

 

სემინარზე ასევე განიხილეს ინსტიტუციური ეთიკური განხილვის საბჭოს (Institutional Review Board - IRB) როლი კვლევითი პროექტების ეთიკურ შეფასებაში, განაცხადების განხილვის ძირითადი პრინციპები და მკვლევართა მიერ ეთიკური გადაწყვეტილებების სათანადოდ დასაბუთების მნიშვნელობა.

 

შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ ფორმატში: მონაწილეებს საშუალება მიეცათ, კონკრეტული მაგალითების განხილვის საფუძველზე ემსჯელათ, როგორ შეიძლება საერთაშორისო ეთიკური სტანდარტების გამოყენება რეალურ სიტუაციაში და რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ მკვლევრებმა კვლევის სხვადასხვა ეტაპზე.

 

სემინარმა ხელი შეუწყო კვლევის ეთიკის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებასა და პასუხისმგებლიანი კვლევითი პრაქტიკის მნიშვნელობის გააზრებას.