დავით ბაქრაძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორია.
მისი აკადემიური საქმიანობა იწყება 2023 წლიდან, კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსით. 2025 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
დავით ბაქრაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1997-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2002-2004 წლებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 2007 წელს დაინიშნა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2012 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. 2012-2020 წლებში, როგორც პარლამენტის წევრი, იყო საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი. 2020-2024 წლებში გახლდათ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი.
დავით ბაქრაძის პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში მოიცავს არაერთი სახელმწიფო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას და წევრობას, საერთაშორისო ფორუმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში რეგულარულ მონაწილეობას. დავით ბაქრაძე იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი.
დავით ბაქრაძეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (საერთაშორისო ურთიერთობები) მიღებული აქვს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (2022 წელი), ხოლო ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის (დოქტორთან გათანაბრებული) ხარისხი მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (1998 წელი). ასევე, არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტისგან (1996).
დავით ბაქრაძე დაჯილდოებულია არაერთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯილდოთი, მათ შორის, მინიჭებული აქვს პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი - კომანდორის ჯვარი (2010 წელი), საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2013 წელი), კულტურათა დიალოგის ფრანკოფონიის ორდენი (2011 წელი).
