გიორგი მუჩაიძე არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან იგი ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის, იმავე წლიდან კავკასიის უნივერსიტეტში.
მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის (Chargé d’Affaires) თანამდებობები. 2011 წლიდან გიორგი მუჩაიძე არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი.
2006–2009 წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მასშტაბურ რეფორმირებაში. მას აქვს როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე მართვის გამოცდილება უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის, ასევე დემოკრატიული ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დანერგვა-განმტკიცების მიმართულებებით.
გიორგი მუჩაიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სამართლის მაგისტრი, წარჩინებით, 1996) და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სამთავრობო სკოლაში (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, 2011). იგი არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2017-2020 წლებისათვის) ავტორი.
