კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, გივი ადამიას ხელმძღვანელობით შემუშავებული ფუნდამენტური კვლევითი პროექტი -„არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სამართალი - გერმანული სისტემის ქართულ კანონმდებლობაში ადაპტირების პარადიგმები“ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული სამართლებრივი რეალობისთვის პირველად განხორციელდეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სამართლის კომპლექსური და სისტემური ანალიზი გერმანული მოდელის საფუძველზე და ხელი შეუწყოს ამ სფეროში არსებული მოწინავე დასავლური მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში ადაპტირებას.
კვლევის შედეგები შექმნის მყარ სამეცნიერო საფუძველს არაკეთილსინდისიერი საბაზრო ქცევების მომწესრიგებელი ეფექტიანი სამართლებრივი ნორმების შესამუშავებლად. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთი ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, როგორიცაა კონკურენტის რეპუტაციის შელახვა, კონკურენტის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება, სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების უკანონო მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება და სხვა.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სამართლიანი კონკურენციის განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებასა და ეროვნული კანონმდებლობის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოებას.
