სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან, რომელთაგან თითოეულის მოცულობა შეადგენს 60 ECTS კრედიტს, ჯამურად 120 ECTS კრედიტს. სტუდენტის წლიური სასწავლო დატვირთვა, როგორც წესი, შეადგენს 60 ECTS კრედიტს და არ უნდა აღემატებოდეს 75 ECTS კრედიტს, შესაბამისად სამაგისტრო პროგრამის თითოეული ნაწილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მიუხედავად მისი ორი თანმიმდევრული 60 ECTS-იანი ნაწილისგან შემდგარი სტრუქტურისა, წარმოადგენს ერთიან საგანმანათლებლო პროგრამას და ეფუძნება სწავლის შედეგებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს კომპეტენციების ეტაპობრივ, ლოგიკურ და ურთიერთდაკავშირებულ განვითარებას პროგრამის მთელ მოცულობაში. პროგრამის პირველი 60 კრედიტიანი ნაწილი ორიენტირებულია სამართლის ერთ ან რამდენიმე სფეროში სპეციალიზაციაზე, პროფესიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზე, აგრეთვე სამართლებრივი პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარის ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული ნაწილი მოიცავს თეორიულ სასწავლო კურსებს (სავალდებულო და არჩევითი), პრაქტიკულ კომპონენტებს (შემთხვევის ანალიზი (case study), იმიტირებული სასამართლო პროცესები, კლინიკური სწავლება და სხვა) და პროფესიული ეთიკის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებაზე, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და იურიდიული არგუმენტაციის განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს.
პროგრამის მეორე 60 კრედიტიანი ნაწილი მოიცავს პირველი ნაწილის ფარგლებში განვითარებულ კომპეტენციებს და ორიენტირებულია სიღრმისეული თეორიული და ანალიტიკური ცოდნის განვითარებაზე, კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებაზე და კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზსა და გადაწყვეტაზე. იგი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიისა და აკადემიური წერის განვითარებას, სპეციალიზაციის შემდგომ გაღრმავებას, აგრეთვე კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს (30 ECTS კრედიტი), რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას და აკმაყოფილებს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებს.
სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადის (2 წელი) დასრულების შემდეგ, თეორიული, პრაქტიკული ან/და კვლევითი კომპონენტების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, მაგისტრანტს უფლება აქვს სწავლა დაასრულოს დამატებით, არაუმეტეს მომდევნო ექვსი სემესტრის განმავლობაში. დამატებითი სემესტრების განმავლობაში სტუდენტს უნარჩუნდება სტატუსი, ხოლო სწავლის საფასური განისაზღვრება ასათვისებელი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, პროგრამისათვის დადგენილი წლიური გადასახადის პროპორციულად.
იხილეთ პროგრამა
