12 - 13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში XI ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართა.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს კვლევის შედეგები და იმსჯელეს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების, ინსტიტუციური ტრანსფორმაციისა და მდგრადობის თანამედროვე გამოწვევებზე.
კონფერენციის პირველი დღე გაიხსნა აბუ-დაბის მენეჯმენტის სკოლის პროფესორის, მარკ აუდის მოხსენებით - „განათლება, მეცნიერება და ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
გახსნით ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია მეცნიერების კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები: ერეკლე პირველი, თენგიზ ვერულავა და მაქსიმ იავიჩი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა პროფესორი დავით წიკლაური. მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო ცოდნის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა და მკვლევართა როლი კვლევის შედეგების ეფექტიან კომუნიკაციაში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული და პარალელური სამეცნიერო სესიები, რომლებიც მოიცავდა მრავალფეროვან თემატურ მიმართულებებს, მათ შორის: ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციურ და ინკლუზიურ განათლებას, უმაღლესი განათლების განვითარებას, მდგრად ეკონომიკას, სამართალსა და ადამიანის უფლებებს, მმართველობას, მედიასა და საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს როგორც თეორიული, ასევე ემპირიული კვლევები, რომლებიც ეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას განათლებასა და საზოგადოებაზე, მდგრადი განვითარების ინსტიტუციურ და ეკონომიკურ ასპექტებს, აკადემიურ პრაქტიკასა და უნივერსიტეტების ტრანსფორმაციას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების, ავსტრიის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ქუვეითის აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, რამაც საერთაშორისო მკვლევრებს დისკუსიაში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობაც მისცა.
პროგრამის დასკვნით ნაწილში გაიმართა კვლევის ეთიკის სემინარი, რომელიც კვლევით საქმიანობაში ეთიკური პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკულ გამოყენებას მიეძღვნა.
XI ყოველწლიურმა საერთაშორისო კონფერენციამ ხელი შეუწყო ინტერდისციპლინურ სამეცნიერო დიალოგს, საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებასა და კვლევითი გამოცდილების გაზიარებას.
