2026 წელს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი სრულდება - ეს თარიღი ქართველი ხალხის სულიერი, ისტორიული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. აღნიშნული იუბილე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში.
საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქვეყნის საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებაში, ასევე ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კათალიკოს-პატრიარქებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს - დიდ სულიერ წინამძღოლსა და მშვიდობისმყოფელს.
აღნიშნული თარიღის ფარგლებში, გაიმართა ლექცია, რომელსაც უძღვებოდა პროფ. სერგო ვარდოსანიძე - ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი. შეხვედრის ფარგლებში მან ისაუბრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებზე, მის სულიერ ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების განვითარებაში.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
