2024 წლის IAUP-ის კონფერენცია შეხვედრა დიდ ბრიტანეთში

11 მარტი 2024

7-9 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში (Nottingham Trent University) "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" 2024 წლის ნახევარწლიური შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო: „უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია“ (“Transforming higher education, transforming lives”). შეხვედრები ჩატარდა როგორც ლონდონის, ასევე ნოტინგემის კამპუსებში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების ლიდერები ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან. 20-ზე მეტმა მომხსენებელმა წარადგინა და მონაწილეებს გაუზიარა თავიანთი გამოცდილება უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაზე, მათი უნივერსიტეტების პრეზიდენტების როლზე ამ პროცესში და სამომავლო პერსპექტივებზე.  გაიმართა პანელური დისკუსიების ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სტუდენტობის  სერვისები და  მენტალური ჯანმრთელობა, მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანასწორობა, უნივერსიტეტის როლი და გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე,  საერთაშორისო  სტუდენტების ჩარიცხვის ხარისხის და რაოდენობის ზრდა, სტუდენტური ცხოვრების, სამუშაო ძალის, ინდუსტრიების და სხვა რელევანტური თემების შესახებ.

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტიდან ესწრებოდა CU-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია, რომელიც ასევე არის IAUP მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. მან მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას, რომელიც  „საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის ტრანსფორმაცია“-ს  ეხებოდა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ. 

 

შეხვედრა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა დოქტორმა ფერნანდო ლეონ-გარსიამ - IAUP-ის და CETYS-ის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა (Dr Fernando León-García, President of IAUP and CETYS University); ასევე, პროფესორმა ედვარდ პეკმა - ვიცე-კანცლერმა და NTU-ის პრეზიდენტმა (Prof (Dr) Edward Peck, Vice-Chancellor and President of NTU); დოქტორმა დიანა ბიჩმა - London Higher-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (Dr Diana Beech, CEO, London Higher).

 

სამდღიანი პროგრამა მოიცავდა პანელურ სესიებს, მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა და სტრატეგიული შეხედულებები უმაღლესი განათლების მუდმივად განვითარებადი გლობალური პროცესების შესახებ.  

 

შეხვედრის ფარგლებში, კახა შენგელიამ გამართა მმართველი საბჭოს სხდომა, რომელზეც წევრებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, განიხილეს და კენჭი უყარეს  IAUP-ის არჩეული პრეზიდენტის და მისი  სამდივნოს კანდიდატურებს, მიმოიხილეს ახალი წევრების ზრდასთან დაკავშირებული ტენდენციები, ასევე, დაგეგმეს მიმდინარე წლის აქტივობები, მათ შორის ოქტომბრის  ჩინეთის  კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საპრეზიდენტო მმართველობა გადაეცემა IAUP-ის ახალი პრეზიდენტს.